вторник, 15 мая 2012 г.

ანა კალანდაძე – ამ სურით სვამენ

"ომარ ხაიამს ბუხარაში ყოფნის დროს ეთქვა: ჩემი სამარე იქ უნდა იყოს, სადაც ხეები ყოველ წელიწადს ყვავილებსა და ფოთლებს გულზე დამაყრიანო. მე ვინახულე ხაიამის სამარე ნიშაბურში. იგი მართლაც ფოთლებითა და ბალახით იყო დაფარული. მაშინ მომაგონდა ხაიამის სიტყვები და ტირილი დავიწყე".

                                                                                                                            ნიზამი


თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა,დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
სურები შექმნეს შენი ტალახით,
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...
შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი
ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.
გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,
ხეებს შეარხევს ქარი ავყია...
ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით
და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..
ლოყაწითელი ვარდის ყვავილი
ფხიზლობს?!ჩურჩულებს,როგორც მისანი..
ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებრ ტიროდა თურმე ნიზამი...
ეს სურა შექმნეს შენი ტალახით,-
ქართულ მარანში დანახანია
ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...
და,რა ხანია,
ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები,
ომარ ხაიამ!!

Комментариев нет:

Отправить комментарий